18 ივნისს, თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უცნაური მიზანსცენის შემსწრენი გავხდით. ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება Agile Spirit -ის ფარგლებში, ათიოდე მსახიობი ავღანელი სამოქალაქო პირების როლში მოგვევლინა. Agile Spirit 2011 წლიდან რეგულარულად ტარდება. მიმდინარე წელს, წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ამერიკელ და ქართველ ჯარისკაცებს ერთობლივად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ერთობლივად მუშაობის პროცესი ორივე მხარეს სიამოვნებას ანიჭებს და ჰარმონიული ურთიერთობის აფიშირებას ცდილობს. ამ ურთიერთობის სიმტკიცეზე კი ის ციფრებიც მიანიშნებს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გვაწვდის. 24 000 ქართველი ჯარისკაციდან უმრავლესობა სხვადასხვა დროს ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა. ეს მართლაც შთამბეჭდავი რაოდენობაა და პატარა ქვეყნის უდიდეს ძალისხმევაზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სწრაფვაზე მიუთითებს. დასავლური კურსი ქვეყანამ 2003 წლის დასასრულიდან , „ვარდების რევოლუციის" შემდეგ აიღო. მართალია, სააკაშვილის ერა გასულ წელს დასრულდა, მაგრამ ოფიციალური თბილისი ვაშინგტონს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად კვლავ მიიჩნევს. ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში შექმნილმა დესტაბილიზაციამ საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რისი გაკეთება ძალუძს რეგიონში დიდ მეზობელ რუსეთს: „აშშ-ს ჯერ კიდევ 2009 წელს ვაფრთხილებდით, რომ რუსეთის მომდევნო სამიზნე შეიძლებოდა ყირიმი ყოფილიყო, მაგრამ მაშინ ეს სერიოზულად არავინ აღიქვა", - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გიგა ბოკერია.
„რეალურად მოსკოვს ნატოსი არ ეშინია"
საქართველომ სამხედრო პოტენციალის გაძლიერება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარება გადაწყვიტა. ფართომასშტაბიანი წვრთნების გარდა, ანტისაჰაერო და ანტისატანკო თავდაცვითი საშუალებების გაუმჯობესებაზეც ზრუნავს. ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილმა და ბარაკ ობამამ 2012 წლის იანვარში თეთრ სახლში შეხვედრაზე, იმ შეთანხმების საფუძველზე წამოჭრეს, რომელიც ორი წლით ადრე გაფორმდა: „ჩვენ წმინდა თავდაცვით საშუალებებზე ვსაუბრობთ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება გვსურს", -ხაზგასმით აღნიშნავს ირაკლი ალასანია.
საქართველოს პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან მისი პროატლანტიკური ენთუზიაზმი გარკვეულწილად ცალმხრივია. საქართველოსთან მიმართებაში ნატოს წევრი ქვეყნების პოზიცია არაერთგვაროვანია. საქართველოს გაურკვეველი საზღვრები და რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება დელიკატურს ხდის ნატოს წესდების მეხუთე პუნქტის გავრცელებას, რაც მუქარის შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობას თავისთავად გულისხმობს.
ალიანსის წევრ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, საფრანგეთს რუსეთთან კონფრონტაციის რისკზე წასვლის სურვილი არ აქვთ: „მოსკოვს რეალურად ნატოსი არ ეშინია. რუსეთი ევროპელებს უყურებს როგორც მდიდარ ადამიანებს, რომლებიც თავდაცვისთვის ფულს აღარ ხარჯავენ. რუსეთი უფრო აქტიურია, ვიდრე რესურსი ამის საშუალებას აძლევს. მისი მეთოდები მუქარებზეც არის დამყარებული", - ამბობს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ფონდის თავმჯდომარე, ალექსანდრე რონდელი.
„ჩვენ გალიაში დათვთან ერთად ვიმყოფებით"
ბატონი რონდელის თქმით, მოკოვს სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული საქართველო ხელს არ აძლევს. რუსეთის მიზანია, მეზობლების დამორჩილება, სატელიტად გადაქცევა: „ჩვენ გალიაში დათვთან ვიმყოფებით. დასავლეთში გვეუბნებიან: „გაუღიმეთ, მოეალერსეთ, დაუმეგობრდით მას". ჩვენ კი ვამბობთ, რომ გალიის კარის გაღებასა და იქიდან გამოსვლას ვცდილობთ".
საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, თუმცა მაშინ თარიღი არ დაუკონკრეტებიათ. ამ თვალსაზრისით, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მომდევნო ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. 2008 წლის სამიტიდან ოთხ თვის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოწყვეტა გამოიწვია. მას შემდეგ თვითგამოცხადებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკებში, რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა უფრო გაიზარდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ კი საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის რუსეთთან მიერთების საფრთხე უფრო რეალური გახდა.
უკრაინის კრიზისის ფონზე კი, დასავლეთში ნატოს დოქტრინაზე, მის ბიუჯეტზე, მის ინსტალაციებსა და პერიმეტრზე მსჯელობენ. ორ ივნისს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირადად შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სადაც კანცლერმა პირდაპირ განაცხადა, რომ სექტემბრის სამიტზე საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება არ იგეგმებოდა.
საფასური, რაც საქართველომ ნატოში გაწევრიანებისთვის უნდა გადაიხადოს
„ქალბატონი მერკელის კომენტარი ნატოს შიგნით მიმდინარე დისკუსიების შედეგებს ზუსტად არ ასახავდა, ზუსტად დროული არ იყო. დეტალებზე შესათანხმებლად ორი თვე კიდევ რჩება", - აღნიშნავს ირაკლი ალასანია და განმარტავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ნახევარი საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას მხარს უჭერს: „უფრო და უფრო ვაცნობიერებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, იმ დონემდე მიყვანა, რაც გვქონდა, შეუძლებელია. საჭიროა რეგიონის უფრო მეტად დაცვა რუსული ავანტიურისგან. მოსკოვი თითქოს იარაღს აჟღარუნებს", - ამბობს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს მოსახლეობა ნატოში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა ზოგი იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ ეს ქვეყანას ძვირი დაუჯდება: „საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრა. საქმე ეხება არჩევანს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ალიანსის წევრობის ბარათს შორის. საქართველოს ნატოში შესვლა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე უარის თქმას, მათ დავიწყებას, რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტას ნიშნავს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ბურჯანაძე რუსეთთან მაღალი დონის მოლაპარაკებების მომხრეა, მას ხშირად პრორუსულ ორიენტაციაში სდბენ ბრალს და რუსების ფავორიტად მოიხსენიებენ.