საგარეო საქმეთა მინისიტრი მაია ფანჯიკიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულით დადასტურდა, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების გარეშე არ დარჩება.
,,სტრასბურგის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა არასოდეს დარჩება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების გარეშე. მინდა სტრასბურგის გადაწყვეტილება მივულოცო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საჩივარზე მუშაობდა, ვინც არიან დაზარალებულები და ავის გამოც გაიმართა ეს პროცესი. თუ რუსეთი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას არ შესსრულებს, სასამართლოს გააჩნია ბერკეტები იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯები განახორციელოს. Aასე რომ, ეს არის წმინდა სამართლებრივი ჭრილი და განცხადებებით საქმეს ვერ უშველი", _განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ფანჯიკიძემ.
სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის ექვსი მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, რუსეთმა დაარღვია ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის მეოთხე მუხლი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების კოლექტიურ დეპორტაციას, მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფი, მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი, მე-3 მუხლი და მე-13 მუხლი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის კოორდინირებულ პრაქტიკას. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, მხარეები ამაზე 12 თვის ვადაში უნდა შეთანხმდნენ.
საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნა, შევიწროება და ქვეყნიდან მათი მასობრივი დეპორტაცია მოჰყვა.
საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2011 წლის იანვარ-თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ მოწმეები, რომლის დროსაც მხარეებმა 10-10 მოწმე წარმოადგინეს. ბოლო საჯარო სხდომა სასამართლომ 2012 წლის 13 ივნისს გამართა და ამის შემდეგ პროცედურა დაიხურა.
საქართველოს საჩივარი ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების მუხლებს, რომელიც გულისხმობს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვას, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას, საკუთრების დაცვას, უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვას. საქართველო ითხოვს ამ უფლებების დარღვევის აღიარებას და დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური კომპენსაციის მინიჭებას.