,,არჩევნების მეორე ტური, კანონის მიხედვით, განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეჯამდება პირველი ტურის შედეგები", _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ,,იმედის" ეთერში.
მისივე განცხადებით, განცხადებები რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით კეთდება სპეკულაციაა და პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება.
,,არჩევნების მეორე ტური კანონის მიხედვით განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეჯამდება პირველი ტურის შედეგები. შედეგებს შეაჯამებენ კომისიები და გამოაცხადებენ მეორე ტურის დღეს. ეს არის ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი. ყველაფერი დანარჩენი ეს არის სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების დაწერა. მცდელობა, თითქოს რაღაც პრობლემაა და არჩენებთან დაკავშირებით რაღაც ხდება. ჩვენს მიერ მიღებული კანონით, არც მე, არც თქვენ და არც ქალბატონმა თამარ ჟვანიამ, არ შეიძლება ამ წუთში იცოდეს მეორე ტურის თარიღი. Uუგულავა ჯერ კიდევ ახერხებდეს, უძვირფასესი ეთერის ათი წუთის წაღებას, სრულიად არალოგიკური, სრულიად ჰაერიდან მოტანილი თემით და ეს არის ჩვენი პრობლემა ამ წუთში", _განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაცმოძრაობა" ცესკო-ს მოუწოდებს დაასახელოს 2014 წლის ადგილობრივი არჩენების მეორე ტურის თარიღი. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ განაცხადა ხელისუფლებამ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაზე ზეწოლა მოახდინა და მოსთოვა, რომ არჩვნების მეორე ტური 12 ივლისს დაენიშნა, რაც შეუძლებელია. უგულავას განცხადებას, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის გიგი უგულავას გაკეთებული შეფასებები სცდება საკანონმდებლო ჩარჩოებს.