საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო.
საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ცენტრის ბაზაში 1 279 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 514-მა კონკრეტული არჩევანი პროგრამების მიხედვით დააფიქსირა.
აპლიკანტების უმეტესობა სამაგისტრო პროგრამებით არის დაინტერესებული. საბაკალავრო პროგრამებზე მიღებულია 20 აპლიკაცია, სადოქტორო პროგრამაზე - 44 აპლიკაცია, სამაგისტრო პროგრამაზე - 435 აპლიკაცია, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - 15 აპლიკაცია.
მიმართულებების მიხედვით კი ყველაზე მეტი განაცხადი მიღებულია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის სპეციალობებზე.
აპლიკანტთა რაოდენობა მიმართულებებზე ასე ნაწილდება: აგრარული მეცნიერებები - 16 აპლიკანტი; ბიზნესის ადმინისტრირება - 133; განათლება - 10; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა - 2; ზუსტი და საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებები - 8; თავდაცვა და უსაფრთხოება - 4; ინჟინერია და ტექნოლოგიები - 29; სამართალი - 99; სოციალური მეცნიერებები - 120; ურბანული განვითარება, არქიტექტურა, რესტავრაცია და კონსერვაცია - 8; ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები - 70; ჯანდაცვა და სამედიცინო მიმართულებები - 15 აპლიკანტი.
საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებული აპლიკანტებიდან 28 მიმდინარე გრანტის მფლობელია, ხოლო 486 - ახალი აპლიკანტი.
აპლიკანტების უმრავლესობამ სასწავლებლად დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების სამეფოს, გერმანიისა და შვედეთის უნივერსიტეტები შეარჩია.
დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველი 188 აპლიკანტია; ამერიკის შეერთებული შტატებში - 134; ნიდერლანდების სამეფოში - 50; გერმანიაში - 48; შვედეთში - 25; საფრანგეთში - 15; ესპანეთში - 12; იტალიაში - 9; რუსეთში - 5; ჩეხეთში - 5; ესტონეთში - 5; ბელგიაში - 4; უნგრეთში - 3; შვეიცარიაში - 3; ნორვეგიაში - 3; პოლონეთში - 2; ბოსნია-ჰერცოგოვინაში,სამხრეთ კორეასა და უკაინაში კი 1-1.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამასა და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამაზე საბუთების მიღება 7 ივნისს დაასრულა. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადებს კომისია განიხილავს. კომისია გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს. კონკურსის საბოლოო შედეგები 7 ივლისს გახდება ცნობილი.
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსდა. ცენტრის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადება. განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს; საზღვარგარეთ მცხოვრები მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მოწვევას საქართველოში და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს.