საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა ჟურნალიტებთან განაცხადა კენჭისყრის დღემ, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნები, ძირითადად, დროულად გაიხსნა და კენჭისყრის დაწყების პროცედურებიც კანონის შესაბამისად წარიმართა. საარჩევნო უბნები უზრუნველყოფილი იყო ყველა საჭირო დოკუმენტაციით. არ დაფიქსირებულა ბიულეტენების გატაცების ან ბეჭდების დაკარგვის ფაქტი.
გამონაკლისს წარმოადგენდა მარტვილის საარჩევნო ოლქის #16 უბანი, საიდანაც დილის საათებში მოხდა საარჩევნო დოკუმენტაციის გატაცება. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა საქმე. საერთო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა წესრიგის დაცვას. სპეც უბნებზე განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ზოგადად, არ ყოფილა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მცდელობა. საარჩევნო უბანზე აგიტაციის ფაქტებიც ნაკლებად ფიქსირდებოდა.
კვლავაც შეიმჩნეოდა ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა არაოფიციალური რეგისტრაციის მცდელობა, რაც თავისთავად არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, თუმცა გამოიკვეთა, როგორც ტენდენცია. გარკვეული პრობლემები იყო საარჩევნო სიების მხრივაც.
კენჭისყრის დასასრულს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის მასშტაბით 30-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა აქვს დაფიქსირებული. ჩვენს მიერ დაიწერა 16 საჩივარი. ზოგიერთი ოლქი - მაგალითად, მარტვილი და ზუგდიდი - დარღვევების რაოდენობითა და დაძაბულობით გამოირჩეოდა. მიუხედავად დაფიქსირებული დარღვევებისა უმეტესობას ჰქონდა ტექნიკური ხასიათი და მათ არ შეეძლო მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
გიგაურის განმარტებით, დაახლოებით 300 უბანზე 350-მდე ამომრჩეველს პრობლემა შეექმნათ სიებთან დაკავშირებით. ისინი ვერ ახერხებდნენ საკუთარი თავის მოძებნას სიებში. მარტვილის საარჩევნო ოლქის #8, #14, #15 #18 და #20 უბანზე არ მუშაობდა მარკირების შესამოწმებელი მოწყობილობა და რამდენიმე საათის განმავლობაში მოქალაქეები ხმას აძლევდნენ პროცედურების დარღვევით.
საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მხრიდან დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები ფოთის მ#5, ხელვაჩაურის #30 და სამტრედიის #41 უბნებზე დაფიქსირდა.
მისივე განმარტებით, 2 უბანზე გამოიკვეთა მსგავსი პრობლემები. მთაწმინიდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე და გადასატანი ყუთით ხმის მიცემა მოხდა ისეთი ბიულეტენებით, რომლებზეც არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. ისნის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ 14 ადამიანიდან 10 ადამიანის შესახებ არასწორი მონაცემები იყო შეტანილი და ხმის მიცემა ვერ შეძლეს. ყუთის დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გადასატანი ყუთით კენჭისყრის ხელახლა ჩატარების შესახებ გასწორებული მონაცემებით.
ხოლო ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #42 უბანზე ერთ-ერთ ოთახში აღმოჩნდა ბიულეტენები. მიღება-ჩაბარების აქტი უბანზე შევსებული არ იყო. სამგორის საარჩევნო ოლქის #79 უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან 3 საათში აღმოაჩინეს, რომ უბანზე #117 უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენებით მიმდინარეობდა ხმის მიცემა. ბიულეტენებთან დაკავშირებული ხარვეზები 2 უბანზე.
მისივე განმარტებით, კრწანისის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანსა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე ხმის მიცემა მოხდა არასათანადო დოკუმენტაციით. ხოლო ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #8 უბნის ეზოში სოფლის რწმუნებული და „ქართული ოცნების" პარტიის აქტივისტები აგიტაციას ეწეოდნენ უბნის ეზოში და ემუქრებოდნენ ამომრჩეველს, თუ „ქართულ ოცნებას" არ მისცემდნენ ხმას, სოციალური დახმარება მოეხსნებოდათ. ამასთანავე, ეს პირები აგრესიულად ექცეოდნენ დამკვირვებლებს და უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს. რაც შეეხება ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე და მარტვილის საარჩვენო ოლქის
#16 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 450 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. თბილისის უბნებს ორგანიზაცია აკვირდებოდა 373 სტაციონარული დამკვირვებლის მეშვეობით. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, თბილისში საარჩევნო პროცესებს 15 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს. თბილისის გარეთ ორგანიზაცია ქვეყნის 5 რეგიონის 29 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში 25 მობილური ჯგუფის მეშვეობით ადევნებდა პროცესებს თვალს.
ქვემო ქართლში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა). „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეგიდით აკვირდებოდა არჩევნებს.