აჭარაში ონკოლოგიის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ცენტრის გახსნის ცერემონიას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და წამყვანი მედიკოსები ესწრებოდნენ.
შპს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრი"-ს პრივატიზება 2012 წელს განხორცილდა, 2013-2014 წლებში დაწესებულებას ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია, გარემონტდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.
კლინიკაში დაინერგა თანამედროვე სამედიცინო მეთოდები ქირურგიული მიმართულებით, გაიხსნა ენდოსკოპიის და ლაპარასკოპიის კაბინეტები.
სრულად განახლდა რადიოლოგიური განყოფილება და ლაბორატორიები, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევები. დღეისათვის დასავლეთ საქართელოში მხოლოდ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი ხაზოვანი ამაჩქარებელით 3D დაგეგმარებით სხივური თერაპიის ჩატარება.
უცხოეთიდან მოწვეულ იქნენ მაღალკვალიფიციური ექიმები სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.