თეატრის საერთაშორისო დღეს 27 მარტს, 18:00 საათზე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს ეტიუდების ფესტივალზე იწვევს.
ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება მარჯანიშვილის თეატრში და წელს მის ორგანიზებაში ქალაქ თბილისის მერიაც ჩაერთო.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტები.
წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი, თეატრმცოდნე გიორგი ცქიტიშვილი, რეჟისორი დათო დოიაშვილი, მსახიობები გივი ბერიკაშვილი და ბაია დვალიშვილი.
ფესტივალზე გამოვლინდება გამარჯვებული 4 ნომინაციაში:
• გრან პრი
• საუკეთესო რეჟისურა
• საუკეთესო შემსრულებელი გოგო
• საუკეთესო შემსრულებელი ბიჭი
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი, ტრადიციისამებრ დააჯილდოვებს გამარჯვებულებს ფულადი პრემიებით.
ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.