დღეს, 23 მარტს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში უნიკალური არქივის პრეზენტაცია გაიმართება.
ძვირფასი ისტორიული მასალა დიდი ქართველი ქორეოგრაფის დავით ჯავრიშვილის ოჯახმა მუზეუმს 22 მარტს გადასცა.
არქივი განსაკუთრებულ ეროვნულ მნიშვნელობას რამდენიმე გარემოების გამო იძენს. მასში წარმოდგენილია ცნობილი ქართული ცეკვების "ქართულის", "მთიულურის', "ხანჯლურის", "განდაგანის" ე.წ ნოტები. ისინი დავით ჯავრიშვილის მიერ არის შექმნილი და ამ გრაფიკულ ჩანახატებს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება
საყურადღებოა არქივის ის ნაწილი, რომელიც 1935 წელს ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალს ეხება. ლონდონის ფესტივალი ქართველი მოცეკვავეებისათვის პირველი საერთაშორისო ფორუმი იყო, ამ დღესასწაულის ამსახველი უნიკალური ფოტოები, მოსაწვევები და პროგრამები კი დღემდე საქართველოს არც ერთ სიძველეთსაცავში არ ინახებოდაA
დავით ჯავრიშვილმა საფუძველი დაუდო პირველ ქართულ სპორტულ გაერთიანებას "შევარდენი", რომელიც 1918-1921 წლების დემოკრატიული საქართველოს ზეიმებსა და აღლუმებში რეგულარულ იღებდა მონაწილეობას, თუმცა ამ სპორტული გაერთიანების ფოტოები და ოფიციალური დოკუმენტაცია ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო. არქივი "შევარდენის" მოღვაწეობის ამსახველ სრულ მასალას შეიცავს
პრეზენტაცია სასახლის ბიბლიოთეკაში გაიმართება, მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად პრეზენტაციას დავით ჯავრიშვილის შთამომავლებიც დაესწრებიან.