პოლიტოლოგი ირაკლი სესიაშვილი პოლიტიკურ უმცირესობას ურჩევს, ხვალ დაგეგმილ "დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე" არჩევნებთან დაკავშირებით "თამაშის ერთიან წესებზე მაინც შეთანხმდნენ".
"ამ შეკრებას ოპტიმისტურად ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ მგონია მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდება. თუ პარტიები ხედავენ, რომ ერთიან კანდიდატზე შეთანხმება რთულია, მაშინ ჯობს, ოპოზიციური ძალები ერთიან სათამაშო წესებზე მაინც შეთანხმდნენ. მართალია, არჩევნები მოახლოვდა, მაგრამ მინიმუმ ძირითად წესებზე ჩამოყალიბება მაინც შესაძლებელია ", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე" კომენტირებისას, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით ხვალ გაიმართება.
ამასთან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ არის კონკრეტული ოპოზიციური ძალა, რომელიც "ამ პროცესს ხელს შეუშლის და ოპოზიციურ სპექტრში ამრევის როლს შეასრულებს".
"რათქმაუნდა, ეს ნოღაიდელის პარტიაა, რომელზეც, ვფიქრობ, როგორც საზოგადოებამ, ისე პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთი პოზიცია ღიად უნდა დააფიქსირონ, რადგან ის სახელისუფლებო თამაშს ეწევა, რითაც, რეალურად, ხელს უშლის ოპოზიციას საზოგადოების დაკვეთის შესრულებაში და ერთგვარად, ამრევის როლს თამაშობს. მიმაჩნია, რომ ხვალინდელ შეკრებაში თავისი მონაწილეობით ნოღაიდელი ოპოზიციურ ძალებს დააფრთხობს, რითაც ნაკლებსავარაუდოა, მათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ", - მიაჩნია პოლიტოლოგს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი სესიაშვილი პრორუსულ დამოკიდებულებას ნოღაიდელის პარტიასთან დაახლოებულ სხვა ოპოზიციურ ძალებში ("კონსერვატორები", "ხალხის პარტია") არ ხედავს და ფიქრობს, რომ ძიძიგური-დავითაშვილის ტანდემი მხოლოდ ყოფილი პრემიერის ფინანსებით არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტულმა პარტიამ" ოპოზიციურ სპექტრს "დიდი ოპოზიციური შეკრების" გამართვის წინადადებით მიმართა, რასაც პოლიტიკური უმცირესობის თითქმის ყველა ძირითადი ლიდერის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. შეხვედრა ხვალ, 13:00 საათზე, "თბილისი-მარიოტში" გაიმართება და მასზე არასაპარლამენტო ლიდერები "ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას" ერთად შეიმუშავებენ.