13-დან 17 მარტის ჩათვლით, სტიქიამ კახეთს 1 455 000 ლარის ზარალი მიაყენა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტად საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ძლიერმა ქარმა ხუთ საერთო საცხოვრებელს სახურავი გადახადა. ადიდებულმა ხევებმა კი დამცავი კედლები დააზიანა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო - სამეურნეო სავარგულები დატბორა.
70 000 ლარით დაზარალდა ახმეტის მუნიციპალიტეტი. ადიდებულმა მდინარე ილტომ 16 მარტს ახმეტა - თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა დაანგრია და ხეობის 7 სოფელი გარესამყაროს მოსწყვიტა. მდინარე ილტომ ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა. ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა სოფელ ქვემო ალვანში. Mდინარიდან
გადმოვარდნილმა წყალმა სახნავ - სათესი მიწები ახმეტის რაიონშიც დააზიანა.
350 000 ლარის ზარალი მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტმა. ადიდებულმა ჭერმის ხევმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო. სახნავ - სათესი მიწები დაიტბორა სოფლებში ჭანდარში, შაშიანში, ვეჯინში, ბაკურციხესა და კოლაგში.
185 000 ლარით დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტი. მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა სოფელ ართანაში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შიდა საუბნო გზა წაიღო. სტიქიამ სოფელ შალაურში სასმელი წყლის დრენაჟი დააზიანა. ღვარცოფმა მდინარე ლოპოტაზე გამავალი ხიდი და სოფელ იყალთოში საცალფეხო ხიდიც დაანგრია.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მონაცემებით, კახეთში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი. საფრთხე ემუქრება რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს.