დღეს, 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, პროცესზე საქმეში დაზარალებული - დავით ბაჯელიძის ძმა და მოწმეები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ ბაჯელიძემ წინა პროცესზე, რომელიც 12 მარტს ჩატარდა, ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.
"წინა პროცესზე, დავით ბაჯელიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის ცოტნეს არ დაუჭრია", - განმარტა ბექაურმა.
დღევანდელ პროცესს, სავარაუდოდ, განსასჯელი ცოტნე გამსახურდიაც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდიას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება. პოლიციამ იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავა.