დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2009 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ანგარიში მიუძღვნა. აღნიშნულ ანგარიშში ცალკე თავი რუსეთისადმია მიძღვნილი.
"ჩვენთვის ნათელია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის კუთხით რუსეთში სიტუაცია ძალიან სერიოზულია", _ ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები მიესალმებიან რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის რამდენიმე რეფორმისტულ მოქმედებას, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამ ქმედებების გამო გარვეულ ადგილებში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა ბევრ ადგილას კი რადიკალურად გაუარესდა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ჩრდილო კავკასიაში, ადამიანის უფლებათა საკითხებზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბრიტანელი დიპლომატები ხშირად ხვდებიან რუს ჩინოვნიკებს და ამ შეხვედრებზე გამუდმებით განიხილება რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი.
დიპლომატები შოკირებულნი არიან ადამიანის უფლებების დამცველების მკვლელობების რაოდენობით იმგვარი ზრდით, რომელიც 2009 წელს აღნიშნა რუსეთში.
"გვინდა დავინახოთ უფლებების დამცველთა საუკეთესო დაცვა, აშკარა დაუსჯელობის დასასრული იმ ადამიანებისა, რომლებიც მათ თავს ესხმიან. ასევე გვინდა დავინახოთ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტი, რომელიც უფლებების დამცველების წინააღმდეგ განხორციელდა სწრაფად, მიუკერძოებლად და სრულად იქნეს გამოძიებული. დამნაშავეები კი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასამართლოების წინაშე უნდა წარსდგნენ", _ ნათქვამია ანგარიშში.
ავტორები ანგარიშში მიუთითებენ გასული წლის 19 იანვარს ადვოკატ სტანისლავ მარკელოვისა და მისი თანმხლები ჟურნალისტის ანასტასია ბაბუროვას, ასევე ჩეჩენი უფლებების დამცველი ქალის ნატალია ესტემიროვას მკვლელობების შესახებ.
საუბარია ასევე გასული წლის აგვისტოში მომხდარი ჩეჩნური არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზარემა სადულაევას მკვლელობაზე, რომელიც ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობდა.
"კიდევ უფრო საშიში გახდა ჟურნალისტების საქმიანობა: "ნოვაია გაზეტამ" უკვე ოთხი თანამშრომელი დაკარგა, ერთ-ერთი მათგანი კი 2009 წელს", _ ნათქვამია ანგარიშში და იქვე ასევე აღნიშნულია, რომ რთული რჩება სიტუაცია ჩრდილო კავკასიაში, სადავ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ოფიციალურად გაუქმებულია, თუმცა დროდადრო ის კვლავ მოქმედებს ხოლმე. ევროსაბჭოს კომიტეტი წამების საკითხებში რეგულარულად აღწერს შესაბამის დანაშაულებებს, რომლებიც ჩეჩნეთში ადგილობრივი ძალოვნების მიერაა ჩადენილი.
"მკვეთრად არის გაუარესებული სიტუაცია ინგუშეთსა და დაღესტანში. გრძელდება ინფორმაციით მიღება იქ მომხდარ მკვლელობებზე, გატაცებებსა და წამებებზე", _ ნათქვამია ანგარიშში.
ამას გარდა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ციხეებში პატიმართა ყოფნის აუტანელ პირობებზე. ამასთან დაკავშირებით, ბრიტანელი დიპლომატები აღნიშნავენ იურისტ მაგნიტსკის გარდაცვალებას, რომელიც წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებოდა.
"მძიმე რჩება ასევე მდგომარეობა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ანტისემიტიზმთან დაკავშირებით. 2009 წელს ქსენოფობიის ნიადაგზე დაფიქსირებულია 218 ძალადობრივი დანაშაული, რომელთა შედეგადაც 75 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. 2008 წელს ამგვარი დანაშაულის რაოდენობა 256 იყო და შედეგად 113 ადამიანია გარდაცვლილი. ჯერჯერობით უცნობია 2009 წელს ამ დანაშაულის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა დამოკიდებულია ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესებასთან თუ სურვილის არქონასთან გამჟღავნდეს რეალურად ამ ნიადაგზე მომხდარ დანაშაულთა რაოდენობა", _ ნათქვამია ანგარიშში. იქვე აღნიშნულია, რომ "სავარაუდოდ ძალადობრივი დანაშაული ეთნიკურ ნიადაგზე გაგრძელდება".
ანგარიშის დასასრულს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას ვერ აუდის. იქ შესულ სარჩელთა 28 % რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.
რუსეთის გარდა, ქვეყნების ნუსხაში სადაც მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შემაშფოთებელია შედიან ავღანეთი, ბელორუსი, ბირმა, ვიეტნამი, ზიმბაბვე, ისრაელი და ოკუპირებული პალესტინური ტერიტორიები, ირანი, ერაყი, ჩინეთი, კორეა, კოლუმბია, კონგო, კუბა, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სირია, სომალი, სუდანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, შრი-ლანკა.
აღნიშნული ანგარიში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა მისი უდიდებულესობა დედოფლის განკარგულებით პარლამენტს წარუდგინა.