საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა დღეს შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) რეზიდენტ-კოორდინატორთან ნილს სკოტთან.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში UNDP-ის საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობას.
"მე მომეცა შესაძლებლობა დავით ზალკალიანთან მესაუბრა ჩვენს საქმიანობაზე აფხაზეთში, საქართველო და აღგვენიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია განსხვავებულია ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებებისგან და პოზიციისგან და საწყენია, რომ ჩვენ გვიწევს ამის კორექტირება. მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს იყო მისინტერპრეტაცია და ჩვენ იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი დავრჩით. სოხუმში დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ძალზედ ზოგადი საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ტიპის დახმარებას უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოება, რაც მთლიანად არის კონცენტრირებული ადამიანების დახმარებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური მომსახურება, განათლება, ჯანდაცვა. ეს იგივე დახმარებაა, რასაც ჩვენ ბოლო წლებია ვახორციელებთ და რაც კოორდინირებულია საქართველოს მთავრობასთან, ამაში ახალი არაფერია. აღნიშნული დახმარება თანმიმდევრულად გამოიყოფა წლიდან წლამდე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ის დაახლოებით 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს," - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნილს სკოტმა.
თავის მხრივ, დავით ზალკალიანის თქმით, პირველად არ ხდება, როდესაც დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები იყენებენ ყველა მსგავს შემთხვევას, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. "შეხვედრაზე ნილს სკოტმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა. მას არ განუცხადებია, რომ თითქოს აფხაზურმა მხარემ პირდაპირ უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას დამატებითი დახმარების მისაღებად. ის ინფორმაცია, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორისგან იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების პროცესში.