საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 14:00 სთ-ზე ყვარელში, კომპლექს გვირაბში დაესწრება საზეიმო მიღებას, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და „მეღვინეობა ხარება" მართავს.
ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ენოლოგი ჰერვე რომატი.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია, გაიმართება ძველი წელთაღრიცხვისქართული ღვინის მასალის ჭურჭლების გამოფენა და არქივში დაცული ისტორიული ფოტომასალის დემონსტრირება. ასევე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის წარმოების შესახებ.
მოწვეულ სტუმართა შორის ასევე იქნებიან ხელისუფლების წევრები, ბიზნეს სექტორის, ქართული ღვინის მწარმოებელიკომპანიებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები.
დღესვე გიორგი მარგველაშვილი სოფელ ზინობიანს ესტუმრება (ყვარლიდან 15 კმ-ში), სადაც ისტორიული კავკასიის ალბანეთის მემკვიდრე მოსახლეობა - უდიები ცხოვრობს.
ქვეყნის პირველი პირი დაათვალიერებს სოფლის სკოლაში არსებულ მუზეუმს, სადაც განთავსებულია უდიების კულტურული მემკვიდრეობის ნივთები და ეთნოგრაფიული ექსპონატები. მუზეუმში ასევე ფოტომასალისა და წიგნების სახით თავმოყრილია ისტორიული მონაცემები, გაქრობის ზღვარზე მყოფი უძველესი მართლმადიდებელი ერის შესახებ.
მსოფლიოში უდიებით კომპაქტურად დასახლებული სულ ორი სოფელია, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დღესდღეობით, საქართველოში 1200-მდე მართლმადიდებელი უდი ცხოვრობს, რომელთაგან 400 სოფელ ზინობიანის მკვიდრია.
საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია „უდი"უმასპინძლებს, რომელიც 2001 წლიდან ამ ისტორიული ერის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის გადარჩენა-შენარჩუნებაზე მუშაობს. ამ მიზნით, სკოლაში, სადაც მუზეუმია განთავსებული, ადგილობრივი ბავშვები უდიურ ენასაც სწავლობენ.