ჰელმანდის პროვინციაში ავღანელი სამხედროები წვრთნას ამერიკელი საზღვაო ქვეითების დახმარებით გადიან, თუმცა ამერიკელ სამხედროებს სხვა მისიაც აკისრიათ. საზღვაო ქვეითების ერთი პატარა ჯგუფი ქართველ სამხედროებზეა მიმაგრებული.
"ქართული მეკავშირე ჯგუფი" (GLT), რომელიც 90 ამერიკელი საზღვაო ქვეითი სამხედროთია დაკომპლექტებული, 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო მოსამსახურეს ასწავლის, რჩევებს აძლევს, ამზადებს და მათთან ერთად იღებს მონაწილეობას ოპერაციებში. ქართული ბატალიონის ამოცანა ბაზა ლეზერნეკის და ბასტიონის კომპლექსის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ეს ქართული კონტინგენტის მეთერთმეტე როტაციაა ავღანეთში. 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში მისიას კი უკვე მესამედ ასრულებს.
როტაციების ფარგლებში, ქართველი სამხედროები ჩრდილოეთ ჰელმანდის პროვინციაში მეწინავე ოპერატიული ბაზების (FOB) გარეთ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას. მათი ამოცანა იყო ასევე პატრულირება, საკონტროლო გამშვები პუნქტების დაცვა და საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით ლეზერნეკის ბაზის გარშემო სწრაფი რეაგირების ძალების გაგზავნა.
შტაბის სერჟანტი რობერტ პლემონსი, რომელიც ბაზა ლეიჯუნიდან, საზღვაო ქვეითების II საექსპედიციო ძალებიდან შეუერთდა "ქართულ მეკავშირეთა ჯგუფს" ამჟამად ქართველ სამხედროებთან ასეულის დონეზე მუშაობს. მისი თქმით, ქართველები გეგმავენ ოპერაციებს საზღვაო ქვეითების მხარდაჭერითა და რჩევებით, ხოლო შემდეგ საზღვაო ქვეითები ქართველებთან ერთად გადიან გარეთ დავალებების შესასრულებლად და მხარს უჭერენ მათ რთულ ადგილებში, სადაც ეს საჭიროა.
კაპიტან ჯონათან ლუკასის თქმით, ეს შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული, მობილური საკონტროლო გამშვები პუნქტის ჩხრეკის არეალი, შურა ან სხვა სიტუაცია, სადაც რაიმე სახის საფრთხეა მოსალოდნელი.
საზღვაო ქვეითები საჰაერო მხარდაჭერის დროს მეკავშირის ფუნქციასაც ასრულებენ. მათი ფუნქციაა ასევე, აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფა და სხვა მხარდამჭერი ელემენტები. პლემონსის თქმით, მათ შუამავლის ფუნქცია აკისრიათ.
პლემონსი ერაყის, ავღანეთისა და იორდანიის სამხედრო ძალების მრჩევლად მსახურობდა, ასევე, დახმარებას უწევდა აფრიკის რამოდენიმე ქვეყანას. თუმცა, ამ შემთხვევაში იგი კონსულტაციას უწევდა ამ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს. ავღანეთში კი ქართველებთან მუშაობა ნიშნავს გქონდეს შეხება კულტურულ განსხვავებებთან ომის ზონაში.
ქართული ქვედანაყოფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი გურგენიძის განცხადებით, ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში პირველად 2004 წელს გაიგზავნა. გერმანული ქვედანაყოფის შემადგენლობაში მყოფი ერთი ასეული საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ჰელმანდის პროვინციაში პირველი ქართული ბატალიონი 2010 წელს ჩავიდა და გასულ წელს მისიას ნოუზადსა და მუსა ქალაში 750 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით ორი ბატალიონი ასრულებდა.
რამოდენიმე თვეში 31-ე ბატალიონს სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურ სარდლობაში სხვა ბატალიონი ჩაანაცვლებს, ქართველი რეინჯერების მეორე ბატალიონი კი ყანდაღარში განლაგდება.
გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი ქართველი სამხედრო მსახურობდეს ავღანეთში, რადგან ისინი აქ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ.
იანვრის შუა რიცხვებამდე საქართველოს ავღანეთში ნატოს არაწევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა წარმოდგენილი. 5 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით, ნატოს წევრებს შორის კი - ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის შემდეგ, საქართველო კონტინგენტის რაოდენობით მეხუთე ადგილზეა.
დასავლეთ ვირჯინიის ზომის ქვეყანა კავკასიაში მდებარეობს და 2008 წელს მეზობელ რუსეთთან ორი სეპარატისტული რეგიონის გამო ომი ჰქონდა, რის შემდეგაც რეგიონში ქართულ მიწაზე კვლავ რჩება რუსული ჯარი.
საქართველო ისწრაფვის გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, რასაც ეწინააღმდეგება რუსეთი და სურვილი გამოთქვა წვლილი შეიტანოს და ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგაც.
კულტურული ბარიერის გადალახვის მიზნით, საზღვაო ქვეითთა ნაწილმა, რომელიც 2013 წლის იანვარში შეიქმნა, მრჩეველთა უნარ-ჩვევები და ქართული ენა აითვისა. ლუკასის თქმით, ზოგიერთი მათგანი მაისში საქართველოშიც იმყოფებოდა და ბატალიონთან ერთად ემზადებოდა მისიისათვის.
საზღვაო ქვეითები და ქართველი სამხედროები მოსამზადებლად აგვისტოში გერმანიაში, ჰოჰენფელსში იმყოფებოდნენ, სექტემბერში კი ავღანეთში გაემგზავრნენ.
პოლკოვნიკი პარკერ ფლეტჩერი მე-2 სარემონტო ბატალიონიდან შეუერთდა ქართველ სამხედროებს. ტექნიკური მომსახურების სახელოსნოში 6 ამერიკელი და 6 ქართველი მექანიკოსი მსახურობს და თავდაპირველად მათი შეთავსება იოლი არ იყო. ახლა კი მექანიკოსები კარგად ეწყობიან ერთმანეთს, სწრაფად ასრულებენ სამუშაოს და როდესაც ნაკლები სამუშაოა, გართობისთვისაც იცლიან.
ფლეტჩერის თქმით, ისინი ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ და ურთიერთობაც გაცილებით გაიოლდა.
სერჟანტი ანგელ ჟაკი, საზღვაო ქვეითთა მე-8 პოლკიდან ამბობს, რომ ქართველებთან მუშაობამ მას მოთმინება ასწავლა. მისი თქმით, საბრძოლო როლიდან მრჩევლის ამპლუაში გადართვა ცოტა გაუჭირდა. "მე არ ვარ აქ, რომ ვებრძოლო მტერს. მე ვასწავლი მათ, თუ როგორ ებრძოლონ მტერს."
მიუხედავად სირთულეებისა, ქვედანაყოფთან მუშაობით იგი ძალიან კმაყოფილია. "ქართველები ძალიან თავდადებული, მეგობრული და თავდაჭერილი ხალხია - ნამდვილად სასიამოვნოა ასეთ ადამიანებთან მუშაობა. მათთან ისე ვარ, როგორც საზღვაო ქვეითებთან," ამბობს ჟაკი.
ლუკასი მიიჩნევს, რომ ქართველი სამხედროები ძალიან გამოცდილები არიან და ბევრი რამის გაკეთება ამერიკელების გარეშეც შეუძლიათ. „ეს კი შეიძლება ამერიკელი საზღვაო ქვეითებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყოს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ ვართ მთავარი შემსრულებლები."