„ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენს საზოგადოებას გააჩნდა გახლდათ და გახლავთ დღესაც ის, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება",_ განაცხადა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე"-ს დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენმა საზოგადოებამ ვერ ისწავლა და არ იცოდა როგორ აერჩია და შემდგომ როგორ ეკონტროლებინა ხელისუფლება.
„სწორედ ეს იყო მიზეზი იმ 20-წლიან მოჯადოებულ წრეზე სიარულის.
მე ამ პრობლემას კარგად ვიცნობდი და მოსვლის პირველი დღიდან სწორედ ამაზე ვაკეთებდი ძირითად აქცენტს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად, როგორ ვიქირავოთ ხელისუფლება. პირველი რიგში ჩვენ კარგად უნდა ვისწავლოთ - ვინ ავირჩიოთ.
კარგა უნდა გავაცნობიეროთ - ადამიანი, რომელსაც საკუთარი პარტია ვერ დაუფუძნებია და ქვეყნის აშენებას გვპირდება, ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნია, არაფერი არ გაუკეთებია და მის ბიოგრაფიას თუ გადახედავ ხელმოცარული იყო უმეტეს წილად, როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა გვესაუბრებოდეს ის, ჩვენ უნდა შევძლოთ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რო არც ის შეიძლება ქართულმა საზოგადობამ მუდმივად „დიმიტრი გელოვანი" ეძებოს.
„ისევე როგორც არ უნდა ვეძებოთ მუდამ უმწიკვლო. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ „გელოვანი" შეიძლება მას ჰქონდეს ნაკლი, შეიძლება ის არ იყოს ზეადამიანი, მაგრამ ჩვენ არსებული რეალობიდან უნდა მოვახერხოთ და გავაკეთოთ ღირსეული არჩევანი.
არც ის არ ვარგა, რომ ხშირად გაღიზიანებულები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვამბობთ. ასეთ შემთხვევაში დღება ზუსტად უარესი არჩევანი",_ განაცხადა ივანიშვილმა.