ქობულეთის ტურისტულ ზონაში უცხოელ ინვესტორს სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა სურს. როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე განმარტავს, შესაბამის უწყებებში დაინტერესებული უცხოელი ინვესტორის წინადადება უკვე შესულია, რომელიც ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის მიზნით, 2 ნაკვეთის შეძენის სურვილს გამოთქვამს.
„როგორც იცით, ქობულეთის ტურისტულ ზონაში მიმდინარეობდა სამი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, მათ შორის ერთი კომპლექსი უკვე შევიდა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება დაინტერესებული პირების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვას, მას აწარმოებს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია და შესაბამის გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებსაც ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე აღნიშნული კომისია გასცემს. როგორც ვიცი, აღნიშნულ ზონასთან დაკავშირებით შემოსულია დაინტერესებული უცხოელი ინვესტორის წინადადება, რომელიც ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის მიზნით 2 ნაკვეთის (1800-1800კვ.მ) პრივატიზების თაობაზე სურვილს გამოთქვამს"- აცხადებს არჩილ ხაბაძე.
ქობულეთის ტურისტული ზონით უცხოელი ინვესტორის დაინტერესებაზე, უფრო კონკრეტულად კი უკრაინელი ბიზნესმენები ინტერესზე, კომენტარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც გააკეთა.
„ამ დროისათვის ქობულეთის ტურისტული ზონით უკრაინელ ბიზნესმენები არიან დაინტერესებულნი და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები"- განაცხადა კვირიკაშვილმა 2013 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მინისტრის განმარტებით, ტურისტულ ზონებთან მიმართებაში ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობა უკვე არსებობს და ახალ ინვესტორებთან ხელშეკრულებებიც სწორედ ამ კანონისა და პირობების შესაბამისად დაიდება.
როგორც ცნობილია, 2010 წელს ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიაზე, ზღვიდან 1400 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა. პროექტის თანახმად, "ფიჭვნარის" ტერიტორიაზე, მიწის 3 ნაკვეთი გამოიყო (საერთო ფართით 11,3 ჰა), სადაც 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. მთავრობამ განსაზღვრა ასევე სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი და ინვესტორი საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევდა თუ რა ტიპის სასტუმროს ააშენებდა. იმავდროულად, ინვესტორს მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა.
თავის დროზე სამთავრობო კომისიამ 8 ინვესტორი გამოავლინა კიდეც. მათ ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინათ, თუმც შემდგომ ინვესტორთა ნაწილი თამაშიდან გავიდა, რის გამოც მაშინდელმა მთავრობამ მარცხი ღიად აღიარა.
წინა მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხევით, ინვესტორი, რომელიც ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ მცირე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადების, ის მომდევნო 15 წლის მანძილზე მოგების და ქონების გადასახადისგან განთავისუფლდება. თავდაპირველი ინიციატივით, სასტუმროს მშენებლობა ინვესტორს 2011 წლის 1 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა ის საგადასახადო შეღავათებს. თუმცა, შემდეგ აღნიშნული შემოთავაზება შეიცვალა და გადაწყდა, რომ საბოლოო ვადებს თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის სპეციალური სახელმწიფო კომისია განსაზღვრავს.
ქობულეთის ტურისტული ზონის განვითარებით ახალი ხელისუფლება თავიდანვე იყო დაინტერესებული, რადგანაც არც ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს და არც ადგილობრივ მთავრობას გადაჭრით არ განუცხადებია, რომ პროექტი აღარ განვითარდებოდა და რომ აჭარაში ტურისტული ზონის განვითარების პერსპექტივები დაკონსერვდებოდა.
როგორც 2012 წლის დეკემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, აჭარაში რამდენიმე ტურისტული ზონის შექმნაა დაგეგმილი, რადგანაც აჭარას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და რომ ხელისუფლება შეეცდება ამ პოტენციალის გამოყენებას. მინისტრის თქმით, ქობულეთის ტურისტულმა ზონამ არ გაამართლა, თუმც ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების ბრალი იყო.
„ბიზნესი ზონაში შემოსვლისგან თავს იკავებდა, რადგანაც არ ქონდა გარანტია, რომ მთავრობისგან მინიჭებული შეღავათების სანაცვლოდ, ხელისუფლება შემდგომ მათ სხვა პროექტში მონაწილეობასაც აღარ მოთხოვდა"- განაცხადა 2012 წლის დეკემბერში კვირიკაშვილმა.