უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას 2008 წლის აპრილში აფხაზეთში ომის დაწყების შესახებ სისულელესა და ცინიკურ ტყუილს უწოდებს.
,, ეს არის აბსოლუტური სისულელე, თავხედური და ცინიკური ტყუილი, თითქოს 2008 წლის აპრილში ხელისუფლება აფხაზებთან ომის დაწყებას აპირებდა. აბსოლუტური სისულელეა ასევე, თითქოს იგი ხელისუფლებაში აღარ იყო და აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებას ეხმარებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა რომ 2008 წლის აპრილში აქტიურად იხილებოდა საკითხი აფხაზეთში ომის დაწყების და ის ამის ერთადერთი წინააღმდეგი იყო.
,,2008 წლის აპრილში აქტიურად იხილებოდა საკითხი აფხაზეთში ომის დაწყების. მე ვიყავი, პრაქტიკულად, ერთადერთი ადამიანი ვიც ამის კატეგორიული წინაღმდეგი ვიყავი და მიმაჩნია რომ მაშინ ქვეყანას ომი თავიდან ავაცილე. აფხაზეთში ომის დაწყება სრული კატასტროფა იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოსთვის, დიდი ალბათობით დღეს ქვეყანა საერთოდ დაშლილი იქნებოდა", _განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისვე თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლებიდან წავიდა, აგვისტოს თვეში, მიხეილ სააკაშვილმა დახმარება სთხოვა.
,,ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, ვაგზავნიდი მეილებს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ვთხოვდი მათ დახმარებას. თუმცა, მე არსად არ ვჩანდი, ჩემი ინტერვიუები არსად არ გადიოდა, დისკრედიტაცია კი დაიწყო მას შემდეგ, რაც როიტერს მივეცი ინტერვიუ და ვთქვი, რომ ახლა შეკითხვების დრო არ არის, მაგრამ დადგებოდა კითხვებზე პასუხებზე გაცემის დრო. სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყო ჩემი დისკრედიტაცია. მიხეილ სააკაშვილმა შეკრიბა ხალხი და მათ უთხრა, რომ ვინც აღნიშნულ კითხვებზე და მათ პასუხებზე ისაუბრებდა, ის გამოეცხადებინათ ქვეყნის მოღალატეებად და რუსეთის აგენტებად", - აღნიშნა ბურჯანაძემ