იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში დღეს დაგეგმილ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პროცესს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,იმედი მაქვს, რომ ფრანგი მოსამართლე მიიღებს პირუთვნელ გადაწყვეტილებას და არ იქნება ის დატვირთული პოლიტიკური განცხადებებით, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებენ, რადგან ეს არის წმინდა სისხლის სამართლის საქმე. დღეს საფრანგეთში გაიმართება მორიგი პროცესი, სადაც განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის პროკურატურა და აგრეთვე, მოსამართლე მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თებერვლის ბოლომდეა გადატანილი", - აცხადებს წულუკიანი
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სასამართლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის შესახებ იმსჯელებს.
დღევანდელ პროცესზე უნდა გადაწყდეს გაათავისუფლებენ თუ არა კეზერაშვილის გირაოს სანაცვლოდ.
,,ყველაფერი დამოკიდებულია ფრანგ მოსამართლეზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ველოდებით მის განთავისუფლებას", _აცხადებს კეზერაშვილის ადვოკატო შოთა მინდელი.
რაც შეეხევა კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს ეს უკვე 27 თებერვალს დაგეგმილ პროცესზე გადაწყდება. თუმცა გასულ კვირას გამართულ პროცესზე ფრანგმა პროკურორმა მიზაშეუწონლად მიიჩნია თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამშობლოში ექსტრადიცია.
საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი ამ დრომდე მარსელის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. ის საფრანგეთში 2013 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და "ტელე იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.