"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი სახელმწიფო დროშების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს აცხადებს. დროშების რაოდენობა 10 000 ცალია.
აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცხადებული ტენდერი, დროშების რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელ აქციას მოასწავებს. ამაზე კომენტარი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, იგი ტენდერზე ინფორმაციას არ ფლობს.
"ის რომ" ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება პერიოდულად რაღაც აქციები დაგეგმოს ამაში გასაკვირი არაფერია, ქვეყანაში თუ არის შეკრებების მანიფესტაციების კანონი და სიტყვის თავისუფლება, ბუნებრივია, ასეთი აქციები შეიძლება გაიმართოს. მიმდინარე პერიოდში რაიმე კონკრეტული შემიძლია გითხრათ რომ არ იგეგმება, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას ისე მიყავს საქმე, რომ ნაციონალურ მოძრაობას, მე ვფიქრობ, რომ დიდი ორგანიზება არ დაჭირდება, საზოგადოებაში საკმაოდ იმატებს უკმაყოფილება, განსაკუთრებით ეს ეხება ლარის კურსის ვარდნას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, რაც თვალნათელია, რომ ძალიან ბევრი მოქალაქის ჯიბეზე და ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.