,,არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" დირექტორი კახა კახიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი ვინც კადრებში ჩანს, მათ შორის, ვანო მერაბიშვილი.
,,პირველ რიგში, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით წმინდა სამართლებრივად საჭიროა გამოძიების დაწყება. უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი ვინც კადრებში ჩანს. კონკრეტულად უნდა დაიკითხოს ასევე ვანო მერაბიშვილი, დადგენილი უნდა იქნას რას ნიშნავდა მომიყვანეთ ორი გვამი, როგორ გაიგეს მის სამსახურეობრივი დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა ასეთი ტიპის დავალება და რით დასრულდა დავალების შესრულება. თუ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საგამოძიებო ორგანოებს საშუალება მიეცა დანაშაულის ნიშნები გამოკვეთონ და მტკიცებულებებით გაამყარონ, ბუნებრივია, ეს გახდება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი და შემდეგ უკვე სასამრთლოს ექნება უფლება საქმის არსებითი განხილვის", _განაცხადა კახიშვილმა.
,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა გავრცელებული ვიდეო ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი გახდეს კახა კახიშვილი პასუხობს:
,, ბრალის დამძიმებას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება", -განაცხადა კახიშვილმა.