ქართული ფულის - ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, ვალუტის სიმბოლოსთან ასოცირდება მისი სტაბილურობა და მიზნად ისახავს ქვეყნის ვალუტის პოპულარიზაციას. ვალუტის ნიშანს, ასევე გააჩნია სიმბოლური დატვირთვა და მასზე არსებული სხვადასხვა მოხაზულობები აღიქმება როგორც ფულის სიძლიერის ნიშანი.
ქართული ფულის - ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობას საზოგადოებაში და დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.
ლარის სიმბოლოს შემოღება და მისი გამოყენება უფრო პრაქტიკულს გახდის ქართული ფულის რიცხვით მნიშვნელობასთან მითითების პროცესს. ასევე გამარტივდება ფულის მინიშნების პროცესი როგორც ქაღალდზე წერისას, ასევე კომპიუტერზე სხვადასხვა შრიფტების გამოყენებით ბეჭდვის დროს. ამგვარი სიმბოლიკის შემოღებით ასევე ამაღლდება ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.
ვალუტის სიმბოლოსთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლამ ცხადყო, რომ ვალუტის სიმბოლური გამოსახულება (ნიშანი) ბევრი ქვეყნის ფულს გააჩნია. მაგალითად დოლარისათვის არის - $, ევროსთვის € და ასე შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში ვალუტის ნიშანი ერთი სიმბოლოთი არის წარმოდგენილი. სიმბოლოს შემოღების და შემდეგ გამოყენების ძირითად მიზეზად სახელდება ვალუტის მინიშნების პრაქტიკულობა.