სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პატრიარქად დავით სარსანიას დანიშვნას აპირებენ. რუსეთის სასულიერო აკადემიის აღსაზრდელი დავით სარსანია 1978 წელს აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში დაიბადა. ეროვნებით აფხაზია. 2000 წელს იგი იეროდიაკონად თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა.
რუსეთის საპატრიარქოს "კარზე" მოღვაწე სარსანია ხმამაღალი განცხადებებით არასოდეს გამოირჩეოდა. იგი უხმაუროდ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში "მოღვაწეობს" რუსეთის საპატრიარქოში და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროპაგანდას ეწევა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარსანიას "სოხუმ-აფხაზეთის" ეპარქიის ეპისკოპოსად ამზადებდნენ. თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია აღარსად გაჟღერებულა და "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით დავით სარსანია ამჟამადაც დიაკონია.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა. საპატრიარქოს ინფოპრმაციით, აფხაზეთის საპატრიარქო როგორც ასეთი ბუნებაში არ არსებობს და აქედან გამომდინარე შეუძლებელია ვინმე აფხაზეთის პატრიარქი გახდეს.
"რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განუყოფლობას. აფხაზეთის საპატრიარქო, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვინმე აფხაზეთის პატრიარქი გახდეს. ხსენებული დავით სარსანია უბრალო დიაკვანია და მღვდლადაც კი არ არის ხელდასხული. ასეთი რაღაცეები ასე ადვილად არ ხდება. აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელად დასანიშნადაც კი საქართველოს ეკლესიის ხელდასხმაა საჭირო. იყო წინადადებები რუსეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ წინადადებებმა გაგრძელება არ ჰპოვა. დღეის მდგომარეობია ასეთია ხვალ კი რა იქნება არ ვიცი", _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა დავით შარაშენიძემ.
დავით სარსანია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის აწგანსვენებულ პატრიარქთან ალექსი II -თან დაახლოებული პირი იყო. იგი თან ახლავდა რუსეთის საპატრიარქოს დელეგეციებს მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს. შეხვედრებს იგი "აფხაზეთის ეპარქიის" წარმომადგენელის სტატუსით ესწრებოდა.
მისი რუსეთში მოღვაწეობის მანძილზე სარსანიას სულ რამოდენიმე ინტერვიუ აქვს დამიცემული ჟურნალიტებისათვის, რომლებშიც იგი, ძირითადად ე.წ. აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფას მოითხოვდა.
,,უკვე დროა, აფხაზეთის ეროვნული ეპარქია ჩამოყალიბდეს. ეს საშუალებას მოგვცემს მთელ სამყაროს განვუცხადოთ, რომ მართლმადიდებელი აფხაზი ხალხი ქართული ეკლესიის წიაღში ვერ იარსებებს," - აცხადებდა ერთ-ერთ ინტერვიუში სარსანია.
მისი აზრით, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დალოცა აფხაზების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ჯარი და ,,ამაყი ხალხის" გენოციდისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ დავით სარსანიას საკამოდ სოლიდურ ე.წ. პიარ-კამპანიას რუსეთის საპატრიარქოც უწევდა.
საინტერესოა ასევე დავით სარსანიას მიერ ციურიხიდან აფხაზი თანამემამულეებისადმი შობის მილოცვის ტექსტი. საზემო მილოცვაში იგი ქრისტეს დაბადების ირგვლივ მცირე ექსკურსს აკეთებს და მაცხოვრის შობას აფხაზი ხალხის მიერ დამოუკიდებლობისთვის დაწყებულ ბრძოლას ადარებს.
"არ უნდა დაგვავიწდეს, რომ კაცობრიობის ადამისეული ცოდვიდან გათავისუფლების გზა სისხლით დაიწყო. ქრისტეს დაბადებას ჰეროდეს მიერ ათასობით უდანაშაულო ჩვილის დახოცვა მოყვა _ ისინი ქრისტესთვის შეწირული პირველი მსხვეპლნი იყვნენ", _ ამბობს აფხაზი სასულიერი პირი და აგრძელებს, _ "სწორედ ამგვარი გზაა აფხაზი ხალხის მიერ გავლილი.
აფხაზეთის დამოუკიდებლობის გზის დასაწყისი ასევე ჩვენი ერის საუკეთესო შვილების სისხლითაა მორწყული. გავიხსენოთ 1992-93 წლები და ის, რომ მძიმედ დაჭრილი აფხაზი მეომრები მდინარე გუმისთის ნაპირებთან ოკუპანტების მიერ იყვნენ დახვრეტილნი. სწორედ მათი სისხლი დაედო საფუძვლად აფხაზეთის დამოუკიდებლობას", _ ამბობს დავით სარსანია.
მისივე თქმით, ისევე როგორც კაცობრიობა არასოდეს არ დაივიწყებს ქრისტეს მიერ ადამიანთათვის გაღებულ მსხვერპლს, ასევე აფხაზი ერი არასოდეს არ დაივიწყებს სამშობლოს თავისუფლების დასაბამად ქცეულ დაღვრილ სისხლს.