ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი სეპარატისტი ბორის ჩოჩიევი ცხინვალის რეგიონში ოსური ეთნოსის „ავტოქტონიობის დამადასტურებელი" წიგნის - „ქართველი ჟამთააღმწერლები და ისტორიკოსები სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შესახებ" გამოცემის შემდეგ მორიგი წიგნის გამოსაცემად ემზადება.
როგორც ცნობილია ბორის ჩოჩიევი მრავალი წლის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის (ე.წ. სკკ) შემადგენლობაში ოსი სეპარატისტების ინტერესებს იცავდა და შესაბამისად მოლაპარაკებათა პროცესში ჩართული პერსონა იყო. ჩოჩიევის ახალი წიგნი სწორედ ამ მოლაპარაკებათა პროცესს მიეძღვნება.
„მასალები მოლაპარაკებათა პროცესზე უკვე თითქმის მზადაა. მე მიყვარს დოკუმენტალურად საუბარი", _ აცხადებს ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ ახლა, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის მასალებს ათვალიერებს სიამაყის გრძნობა ეუფლება იმის გამო თუ რამდენად დიდი შემართებით იცავდა „სამხრეთ ოსეთი" თავის ინტერესებს საქართველოსთან მოლაპარაკებათა პროცესში.
„დღესაც კი იმ განცხადებებისათვის თვალს გადავლების შემდეგ, რომლებსაც ჩვენ იმ დროს, შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობის დროს ვაკეთებდით, ადამიანი სიამაყეს განიცდის ჩვენი მხარის იმ ხისტი და პრინციპული პოზიციის გამო რომელიც უდიდეს პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზე იყო აგებული.
მრავლისმეტყველია ისიც, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან პროფესინალურ დონეზე რომ ვერ გვჯობნიდნენ ქართულმა მხარემ შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის გაუქმება მოითხოვა, ბოლოს კი საერთოდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჩოჩიევმა დაწერა წიგნი სახელწოდებით - „ქართველი ჟამთააღმწერლები და ისტორიკოსები სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შესახებ". წიგნის პრეზენტაცია ჩრდილო ოსეთში გაიმართა. ამ წიგნს სეპარატისტებმა „პატარა ატომური ბომბი" უწოდეს, რომელიც ყველა ოსურ ოჯახში უნდა იყოს".
„წიგნში შეგროვებულია ცნობილი ქართული ისტორიული წყაროები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსური ეთნოსის ავტოქტონიობას ადასტურებს",_ წერს ოსური მედია და აღნიშნავს, რომ ამგვარი კრებულის გამოცემის მიზანია „ამხილოს თანამედროვე ქართველი ისტორიის გამყალბებლები, რომლებიც ცდილობენ მთელს მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ოსები, თავის მიწაზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსულნი არიან", _ ამბობს თავის შესავალ სიტყვაში ბორის ჩოჩიევი.
მათივე ინფორმაციით, ქართველო ავტორების ნაშრომები წიგნში თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე.