გუშინდელმა ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროში ორ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი კი დააზიანა. დედოფლისწყაროს საკრებულოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჩვენი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სახურავი 2 საცხოვრებელ კორპუსს გადახადა. დაზიანებულია ასევე კიდევ ორი სახლის სახურავი. გასულია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ზარალს დეტალურად დაითვლის. აღნიშნულ მონაცემებს კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავუგზავნით. სახურავების შეკეთებამდე ყველა მოსახლეს ბრეზენტებს დავურიგებთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ნატროშვილმა.
ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროს გარდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოსა და მუღანლოს საჯარო სკოლების სახურავებიც დააზიანა, თუმცა სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.
მასალის გამოყენების პირობები