ბათუმს მერის გარეშე დარჩენა ემუქრება. ცნობილი ხდება, რომ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშივილი და ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ თუ ქალაქის ხელმძღვანელები 5 დღის განმავლობაში ქუჩების გაწმენდა და ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებას ვერ შეძლებენ, მაშინ ის ფრაქციის სახელით საკრებულოს კანცელარიაში შესაბამისი განცხადების შეტანას აპირებს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას 12 დეპუტატის ხმა სჭირდება, ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრაქციაში კი ერთად 8 დეპუტატია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით ბათუმის საკრებულოს 2013 წლის ივნისში მიმართა. 13 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კი კენჭისყრისას ჯემალ ანანიძის განცხადებას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, 20 კი წინააღმდეგი წავიდა. შესაბამისად ჯემალ ანანიძეც ბათუმის მერის პოსტზე დარჩა.