აჭარის რეგიონში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და 24 საათის განმავლობაში მოძრაობის მოწესრიგებას უზრუნველყოფს. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სრული შემადგენლობა და მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა სამაშველო სამსახურთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად.
აჭარის ცენტრალური ავტომაგისტრალის პრობლემურ მონაკვეთებზე, ყოველ 100 მეტრში განლაგებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და შეფერხებულ ავტომანქანებს გადაადგილებაში ეხმარებიან. საპატრულო პოლიციის „პიკაპების" დახმარებით განხორციელდა სამარშრუტო ტაქსების და იმ სატრანსპორტო საშუალებების ბუქსირებით გამოყვანა, რომლებიც ამინდის პირობებისთვის უვარგისი საბურავების გამო ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას.
ამ დროისათვის მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდული არ არის, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა შეიზღუდა ბობოყვათი-მახინჯაურის მიმართულებით. ქალაქ ბათუმში საპატრულო პოლიცია ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა შეფერხება დროულად აღმოიფხვრას.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს ბათუმის სამაშველოს განყოფილების თანამშრომლებმა უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სახლებში ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. გუშინ ღამით ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ქედის რაიონის სოფელ ზვარესთან ზვავი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებული იყო და ზვავის ორივე მხარეს მოხდა ავტოტრანსპორტის ჩახერგვა. შსს-ს მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე შესაბამისი ეკიპირებითა და სპეცტექნიკით გამოცხადნენ, გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი და თოვლში ჩაფლული ავტოტრანსპორტი საბუქსირე საშუალებებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
იმის გამო, რომ თოვა არ შეწყდა და აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა, შსს-ს სამაშველო ჯგუფები კვლავ ადგილზე რჩებიან.
დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების გამო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოახდინონ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება.