დღეს, 15 იანვარს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმების კენჭისყრა გაიმართება. მანამ სანამ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მიიღებს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ როგორ დაიწყო ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის ხანგრძლივი პროცესი და რა შედეგებია მოსალოდნელი შეთანხმების დამტკიცების ან ჩაგდების შემთხვევაში.
რა არის Brexit (ბრექსიტი)?
Brexit არის შემოკლებული ფორმა “British exit”-ისა, რაც ნიშნავს „ბრიტანეთის გასვლას“. ამ სიტყვას იყენებენ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
რა არის ევროკავშირი?
ევროკავშირი 28 ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელთაც ერთმანეთთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობები და ნებას რთავენ მოქალაქეებს, გადაადგილდნენ წევრ-სახელმწიფოებს შორს ცხოვრებისა და მუშაობისთვის. ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა. ევროკავშირი (EU) მაშინ ჯერ კიდევ ევროპის ეკონომიკური გაერთიანების სახელით (EEC) იყო ცნობილი.
რატომ ტოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს?
2016 წლის 23 ივნისს, ხუთშაბათს დიდ ბრიტანეთში გაიმართა რეფერენდუმი. ბრიტანელ მოქალაქეებს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი - ბრიტანეთი უნდა დარჩეს ევროკავშირში თუ უნდა დატოვოს ის?
რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 52%-მა ხმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას მისცა, თუმცა ეს არ მომხდარა მყისიერად. ქვეყანამ ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.
რა ხდებოდა ამ დრომდე?
2016 წელს გამართული რეფერენდუმი მხოლოდ დასაწყისი იყო. მას შემდეგ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის იმისათვის, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს ორივე მხარისთვის.
მოლაპარაკებები ძირითადად ეხებოდა ე.წ. „განქორწინების“ შეთანხმებას, რომელიც ზუსტად განსაზღვრას თუ როგორ დატოვებს (რის ფასად) ბრიტანეთი ევროკავშირს და არა იმას თუ რა მოხდება შემდეგ.
გარიგება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ცნობილია, როგორც გასვლის შეთანხმება.
რაზე შეთანხმდნენ?
გასვლის შეთანხმება მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს:
• რამდენი უნდა გადაუხადოს ბრიტანეთმა ევროკავშირს პარტნიორობის შეწყვეტისთვის - დაახლოებით 39 მლრდ ფუნტი.
• რა შეიცვლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის და ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
• როგორ უნდა მოხდეს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ფიზიკური საზღვრის დაბრუნების თავიდან აცილება, როდესაც ის ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სასაზღვრო ზოლი გახდება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში, რომელსაც ტრანზიციის პერიოდს უწოდებენ, ევროკავშირი და ბრიტანეთი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ და ბიზნესმოთამაშეებს ექნებათ დრო, მოერგონ ახალ რეალობას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გასვლის შეთანხმება „მწვანე შუქს“ მიიღებს, განსაკუთრებული ცვლილებები 2019 წლის 29 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოსალოდნელი არ იქნება.
გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საკითხებს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, თუმცა ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია და იურიდიული, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის ძალა არ აქვს.
რა მოხდება შემდეგ?
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ხელია მოაწერეს გასვლის ხელშეკრულებასა და პოლიტიკურ დეკლარაციას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში უნდა მოიპოვოს ამ დოკუმენტისთვის მხარდაჭერა.
კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში დღეს, 15 იანვარს გაიმართება.
მიიღებს თუ არა ბრიტანეთის პარლამენტში მხარდაჭერას ბრექსიტის შეთანხმება?
ამ მომენტისთვის, მიმდინარე ფონის გათვალისწინებით, შესაძლოა დოკუმენტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს.
ბევრი პარლამენტარი, პრემიერი მინისტრის კონსერვატიული პარტიიდან, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან, ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს გასვლის შეთანხმებას.
კენჭისყრა 2018 წლის 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, რომელიც ტერეზა მეიმ გადადო სწორედ იმიტომ, რომ მოსალოდნელი იყო მისი ჩავარდნა.
პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ის ეცდებოდა ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებას, ცვლილებები შეეტანა დოკუმენტში მის კენჭისყრამდე. თუმცა ევროკავშირის ლიდერებმა ყოველგვარ ცვლილებაზე უარი განაცხადეს.
ოდნავ მოგვიანებით, გააქტიურდა რა ტერეზა მეის მისამართით კრიტიკა, პარლამენტარებმა კონსერვატიული პარტიიდან, მისი უნდობლობის საკითხი დააყენეს, თუმცა ამ ვითარებიდან მეი გამარჯვებული გამოვიდა.
რას ამბობენ შეთანხმების კრიტიკოსები?
გარიგების კრიტიკოსები ამბობენ, რომ შეთანხმება არ მისცემს ბრიტანეთს საშუალებას, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, სრულად აიღოს კონტროლი სახელმწიფოებრივ საკითხებზე. კრიტიკის ყველაზე მწვავე საგანი გახდა ირლანდიასთან საზღვრის საკითხი.
შეთანხმების ორივე მხარეს, ევროკავშირსა და ბრიტანეთს, მკაცრი სასაზღვრო კონტროლის თავიდან არიდება სურს, რაც გულისხმობს სათვალთვალო კამერებსა და საბაჟო პოსტებზე უარის თქმას. ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს შორის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის გავა. ამ ტერიტორიას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს სხვადასხვა მიზნით. ბრექსიტის შემდეგ სასაზღვრო ხაზის გავლებისა და მკაცრი საბაჟო კონტროლის შემთხვევაში კი მოქალაქეების მდგომარეობა გადაადგილების კუთხით გართულდება.
რა მოხდება თუ პარლამენტი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს?
რა მოხდება მას შემდეგ, თუ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა შეთანხმებას, ზუსტად არავინ იცის.
ერთ-ერთი ვერსიით, ზემოათაღნიშნულ შემთხვევაში ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება მოუწევს, თუმცა მთავრობას ექნება შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში, პარლამენტს ალტერნატივები წარუდგინოს.
გარდა ამისა, პრემიერ მინისტრს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა იბრძოლოს პარლამენტში მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ბრიტანეთი ნამდვილად დატოვებს ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს?
შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დატოვებს. მაგრამ თუ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა შეთანხმებას, ძნელი სათქმელია ზუსტად რა მოხდება შემდეგ. ევროკავშირის სასამართლოს თქმით, ბრიტანეთს შეუძლია ცალმხრივად, ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების თანხმობის გარეშე, უარი თქვას ბრექსიტზე.
რა მოხდება თუ ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს?
„შეთანხმების გარეშე“ გულისხმობს იმას, რომ ბრიტანეთი არ ეთანხმება „გასვლის შეთანხმებას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარდამავალი პერიოდი გაუქმებდა და ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დაუყოვნებლივ შეწყდება. ბრიტანეთის მთავრობა ამზადებს გეგმას ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად.
სტატია მომზადებულია BBC-ის მიერ მომზადებულ მასალაზე დაყრდნობით.