საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ხმის მიცემის პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა დებატები, სადაც ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს საკუთარი პოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე, ასევე იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მისაღებად გაატარა. კენჭისყრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. პლენარულ სესიაზე გამართული კენჭისყრის დროს საკანონმდებლო ინიციატივას 553 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 66 კანონმდებელმა მისცა ხმა. 28-მ კი თავი შეიკავა
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროპარლამენტში ჰოლანდიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები. მათ ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელეს.
საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეჩერების ახალ მექანიზმთან ერთად ამოქმედდება. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას ევროპარლამენტი სავარაუდოდ 13-16 თებერვლის სესიაზე დაამტკიცებს, ევროკავშირის საბჭო კი 27-28 თებერვალს, რის შემდეგაც ის საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება.
როგორც შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგამ დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისი ვარაუდით, შეჩერების მექანიზმის და ვიზალიბერალიზაცია მარტის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.
მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ძალაში შევა, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში და შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში - რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.
უვიზო რეჟიმით სარგებლობას ბიომეტრიული პასპორტების მქონე მოქალაქეები 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.