დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხუთშაბათს, ხელი მოაწერა კანონს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
მანამდე ბრექსიტის კანონპროექტი პარლამენტის ლორდთა პალატამ დაამტკიცა და იგი სამეფო თანხმობის მისაღებად ბუკინგემის სასახლეში გაიგზავნა.
20 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ პარლამენტის ზედა პალატამ, ლორდთა პალატამ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შესატანად დოკუმენტი თემთა პალატას დაუბრუნა.
ლორდთა პალატის მიერ შეთავაზებული ცვლილებები, ბრექსიტის შემდგომ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეების მდგომარეობას შეეხებოდა.
თემთა პალატამ დოკუმენტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ლორდთა პალატა დათანხმდა კანონპროექტის უცვლელად მიღებას.
ბრექსიტის კანონპროექტი თემთა პალატამ 9 იანვარს დაამტკიცა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლის 31 იანვრამდე. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ბორის ჯონსონმა მთავრობას ამ საქმიანობისთვის წლის ბოლომდე მისცა ვადა.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების რატიფიცირება ევროპულმა პარლამენტმაც უნდა მოახდინოს. როგორც ვარაუდობენ, ეს შესაძლოა 29 იანვრის სხდომაზე მოხდეს