სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს 15:00-ზე ჩაინიშნა.
ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: Mose