„ძალიან მნიშვნელოვანი სესია გველოდება წინ. ევროპასთან ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და აქ ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. ვიმუშავებთ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში, ასევე ევროპული ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაზე. ამ გზით შევეცდებით ახალი კონკრეტული შედეგები დავდოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართული პრეზენტაციის კომენტირებისას, სადაც წარმოდგენილი იყო საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა.
მისივე თქმით, წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის შემდეგ, მთავარი ამოცანაა დამუშავდეს კონკრეტული იდეები და დაიწყოს მათი ევროკავშირისთვის მიწოდება იმ შესაძლებლობების თაობაზე, რაც საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციამდე აქვს, რათა გაჩნდეს ისეთი კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორიც იყო მაგალითად, უვიზო მიმოსვლა.
„სწორედ, შემდეგი ასეთი ნაბიჯების განსაზღვრაზე ვიწყებთ ევროკავშირთან მუშაობას", - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო დაახლოებაზე და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე, რომელიც პრაქტიკულად, ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს, რომელიც აქტუალური იქნება პარლამენტისთვის საშემოდგომო სესიაზე.
„ეტაპობრივად გვინდა დავნერგოთ მაღალი ევროპული სტანდარტი ყველა მიმართულებით, იქნება ეს გარემოს დაცვა, თუ სოციალური საკითხები. ამ სესიის ფარგლებში, ვიმუშავებთ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონზე, რომელიც ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასევე, დაწყებულია მუშაობა შრომით უფლებებთან დაკავშირებით, გაგრძელდება კონსულტაციები ამ საკითხზე და იმედია, რომ შედეგებამდე მივალთ. ასე, რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და მოწოდებული ვართ, რომ ეს საქმეები კონკრეტული შედეგებით დავასრულოთ საშემოდგომო სესიის ბოლოს", - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.