გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილს, ჟან კლოდ იუნკერს, დონალდ ტუსკს, რაიმონდს ვეიონისს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და კერსტი კალიულაიდს მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა, მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის. ლიეტუვა ყოველთვის იქნება თქვენთვის სანდო პარტნიორი და მეგობარი. ველოდებით თქვენთან შეხვედრას ვილნიუსში, რიგაში, ტალინში, კიევში, თბილისსა და ბრიუსელში, - ამის შესახებ ლიეტუვის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მიკრობლოგ ტვიტერში დაწერა.
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, 55 წლის ეკონომისტი გიტანას ნაუსედასა და ქვეყნის ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ფინანსთა მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს შორის გაიმართა.
გიტანას ნაუსედამ ამომრჩეველთა ხმების 74 %-ის მოპოვება შეძლო.
გიტანას ნაუსედა, ინაუგურაციის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების "რკინის ლედის" და ევროკავშირში კრემლის პოლიტიკის მიმართ ყველაზე კრიტიკულ ლიდერს, დალია გრიბაუსკაიტეს ჩაანაცვლებს.
ლიეტუვის ამჟამინდელი პრეზიდენტი დალია გრიბაუსიკატე ქვეყანას 2009 წლიდან მართავს. მან ორი ვადით უკვე იყარა კენჭი, ლიეტუვის კანონმდებლობა მესამე ვადას პრეზიდენტისთვის არ ითვალისწინებს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ლიეტუვაში, 12 მაისს გაიმართა.