საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს.
"აღნიშნულიდან გამომიდინარე, გვინდა გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ კი, დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, “ფიშინგზე”, მოგაწვდით ინფორმაციას.
“ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.
მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.