2019 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ წელს, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
იუბილესთან დაკავშირებით მოიჭრება ახალი 5 ლარიანი ნომინალის საკოლექციო მონეტა, რომლის დიზაინი უკვე შემუშავებულია.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავაანონსო ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, კერძოდ, 2019 წელს სრულდება საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან 100 წელი. ჩვენ მომავალ წელს ამ ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ, რომელზეც მოგვიანებით მოგახსენებთ. ასევე, გეტყვით, რომ ამ მოვლენის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვება. გამოცხადდა კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული დიზაინიც და ეს მონეტა მომავალი წლის ბოლოს გამოვა", განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სებ-ის საკოლექციო მონეტებზე დიდი მოთხოვნაა და კიდევ არაერთ მონეტას შესთავაზებს ბანკი კოლექციონერებს.
თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა მის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საკრედიტო სისტემის შემადგენელი ყველა სტრუქტურა, მათ შორის სახელმწიფო ბანკი, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი. თუმცა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში ფუნქციონირებდა.
1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, სტრუქტურული მოწყობა, საწესდებო კაპიტალი და უფლება-მოვალეობანი იყო განმარტებული.