დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეეზღუდოთ წირვა-ლოცვებზე დასწრება, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც კენჭი უყარეს პრეზიდენტის დეკრეტს საგანგებო მდგომარების შემოღების შესახებ.
„ ეს არის წარმოუდგენელი, მით უმეტეს, ამ განსაცდელის დროს ადამიანებს აუკრძალო ტაძრებში სიარული და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გამოკეტოთ სახლში. ეს არის დაუშვებელი. რას ეუბნებით ადამიანებს? რომ ღმერთი არ არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ? თუ რა ხდება, ვერ გავიგე? გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს? წარმოუდგენელია ამის გაკეთება. თუ ეს ხელისუფლების პასუხია გუშინ წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არ შეიძლება ამის გაკეთება, უნდა დაფიქრდეთ. ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში და სწორედ ხალხის ლოცვას შეისმენს უფალი. თუ ეს შეეხება ადამიანების წირვა-ლოცვაზე დასწრებას, არ დავუჭიროთ მხარი. მოსახლეობას მინდა მივმართო. იგრძნობა შიში მოსახლეობაში. არაფერი არ არის საშიში. ამაზე მძიმე განსაცდელები გადაგვიტანია. ყველაფერი იქნება კარგად, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აუცილებლად დაგვიფარავს და გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან”, - განაცხადა ერქვანიამ.