მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პენსიების მხოლოდ თბილისში მცხოვრები პენსიონერებისთვის გაზრდას უკანონოდ აფასებს.
"სახელმწიფოსთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, პენსიონერი თბილისში ცხოვრობს თუ, მაგალითად, ბაღდათში. თუ პენსია გაიზრდება თბილისში, მაშინ ის საქართველოს ყველა რეგიონში მაცხოვრებელი პენსიონერისთვის უნდა გაიზარდოს", - განაცხადა პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე შეფასებით, იმ კონტექსტში, რომ პენსიების გაცემა სახელმწიფო და არა ქალაქის ბიუჯეტიდან ხდება, მისი მხოლოდ დედაქალაქში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის გაზრდა სხვა პენსიონერების დისკრიმინაციაა და, ამდენად, ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
"რაიონებსა და რეგიონებში ცხოვრება უფრო დუხჭირია, ვინაიდან იქ უმუშევრობის დონე უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილება არა მარტო ანტიკონსტიტუციური, არამედ სოციალურად უსამართლოცაა", - განმარტა მან.