საერთაშორისო რეიტინგებში დაკავებული პოზიციები მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად. მოცემულ ბიულეტენში მიმოვიხილავთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებს 2018 წელს და მათ დინამიკას ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით. Policy and Management Consulting Group-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად:
საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ 2018 წლის რეიტინგში 140 ქვეყანას შორის 66-ე პოზიცია დაიკავა. 2010 წლიდან, 2018 წლის ჩათვლით, ერთი წლის გამოკლებით, საქართველოს პოზიციები „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ უმჯობესდებოდა. 2018 წელს კი 2017 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 1 ადგილით გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია შრომის ბაზრის ინდიკატორში უკავია (31-ე ადგილი), ყველაზე ცუდი-ბაზრის მოცულობის ინდიკატორში (102-ე ადგილი). ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს2 შორის აღნიშნულ ინდექსში 2018 წელს ყაზახეთი ლიდერობს (59-ე ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი პოზიცია ინდექსში ტაჯიკეთს უკავია (102-ე ადგილი).
საქართველომ მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების სიმარტივის3” 2019 წლის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის მე-6 პოზიცია დაიკავა. საქართველოს პოზიცია ინდექსში 2016 წლიდან უმჯობესდება. 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 3 ადგილით გაუმჯობესდა. 2019 წლის საქართველოს “ბიზნესის კეთების სიმარტივის” რეიტინგში ყველაზე კარგი პოზიცია ბიზნესის დაწყების ინდიკატორში უკავია (მე-2 ადგილი), ყველაზე ცუდიგადახდისუუნარობის შეფასების ინდიკატორში (მე-60 ადგილი). ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის 2019 წლის “ბიზნესის კეთების სიმარტივის” ინდექსში საქართველო ლიდერია (მე-6 ადგილი), აღნიშნულ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი პოზიცია ინდექსში ტაჯიკეთს უკავია (126-ე ადგილი).
2018 წლის „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ საქართველომ 59-ე ადგილი დაიკავა 126 ქვეყანას შორის. 2014-2016 წლებში საქართველოს რეიტინგი „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ უმჯობესდებოდა, ხოლო 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 4 ადგილით გაუარესდა. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ რეიტინგში 9 ადგილით გაუმჯობესდა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. 2018 წელს საქართველოს “გლობალური ინოვაციების ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია ინსტიტუტების და ბაზრის განვითარების ინდიკატორში უკავია (39-ე ადგილი), ყველაზე ცუდი-ბიზნესის განვითარების ინდიკატორში (91-ე ადგილი).
ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის “გლობალური ინოვაციების ინდექსში” 2018 წელს საქართველო ლიდერობს (59-ე ადგილი), ყველაზე ცუდი პოზიცია ინდექსში ტაჯიკეთს უკავია (104-ე ადგილი).