თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, ნაძალადევის რაიონში დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება ორი გამომძიებელი, სწორედ მათ დააკავეს ბრალდებულები და ასევე, დაიკითხებიან ექსპერტები. ერთმა მათგანმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მასრებზე და ტყვიის გულაზე ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა.
სასამართლოს ჩვენებას ასევე ბიოლოგიური ექსპერტი მისცემს, რომელმაც გამოძიების ეტაპზე ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით გასცა დასკვნა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 4 თებერვალს, დავით ქმოსტელი, იგივე ძივითა მოკლეს. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გამოსულს ესროლეს მას.
მკვლელობიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს კონფლიქტი ჰქონდათ მოკლულთან. დაცვის მხარის ინფორმაციით კი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულთაგან ერთი პირი მოკლულს საერთოდ არც იცნობდა. მათივე ცნობით, ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებები არ აქვს.