სწორედ იმიტომ გვაქვს კონსულტაციები როგორც სამინისტროებთან, ასევე საკომიტეტო ფორმატში, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გავანაწილოთ არსებული რესურსები, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ.
მან ყურადღება გაამახვილა აგრარულ სექტორში ცალკეული პროგრამებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე.
"ამ ეტაპზე, ფაროსანას საწინააღმდეგოდ გათვალისწინებულია 35 მილიონი ლარი. თუმცა კონსულტაციები ამ მიმართულებით გაგრძელდება. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, ნაწილი პროექტებისა, დაფინანსებულია მაღალმთიანი განვითარების ფონდიდან და მომავალ წელსაც აღნიშნული ფონდიდან გაგრძელდება დაფინანსება, ნაწილი კი სამინისტროს ასიგნებებიდან მიიმართება. ჩვენ ვნახავთ, განვიხილავთ შენიშვნებსა და წინადადებებს და ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ეს წინადადებები იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.