საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებს ურჩევს ნაკლები მოწიონ.
მაღრაძე სიგარეტზე აქციზის გაზრდას კარგ ინიციატივას უწოდებს და მხარს უჭერს.
მისი თქმით, თამბაქოსთან ბრძოლის კამპანია აქციზის გაზრდით დაიწყო ყველა ევროპულმა ქვეყანამ.
„მთელ მსოფლიოში ყველა ნორმალურმა სახელმწიფომ თამბაქოსთან ბრძოლის კამპანია დაიწყო აქციზის მატებით და ჩვენ მივყვებით იმ გზას, რაც გაიარა ყველა ნორმალურმა და ევროპულმა სახელმწიფომ. ის, რომ ვიღაცას გაუძვირდება და ვერ იყიდის სიგარეტს ძალიანაც კარგი. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ინტენსიურად ეწევა პარლამენტში გვერდით ოთახში, მანაც უნდა დაანებოს თავი მოწევას,“ - აცხადებს გუგული მაღრაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საგადასახდო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობს, რომლის გათვალისწინებით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის გაზრდა იგეგმება.
დეპუტატები ცვლილებებზე ამ წუთებში, პლენარულ სხდომაზე მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უმცირესობა აქციზის ზრდას მხარს არ დაუჭერს.
რაც შეეხება ცვლილებებს, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი - 0,2 ლარის ოდენობით იზრდება, უფულტრო სიგარეტზე - 0,05 ლარით, ერთ ღერ სიგარაზე - 0, 4 ლარით, 20 ღერ სიგარაზე - 0,5 ლარით, ყალიონით მოსაწევ და ერთ კგ საღეჭ, ან საყნოს თამბაქოზე - 5 ლარით.
ამას გარდა, პროექტით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან, ვისკიზე, რომზე, დაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის ზრდა 10 ლარიდან 15 ლარამდე მოხდება, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებსა და ეთილის სპირტზე აქციზის განაკვეთი 10 ლარით გაიზრდება.
მთავრობის ცნობით, აქციზის ზრდა 2016 წლის ბიუჯეტს დაახლოებით 90 მლნ ლარით გაზრდის.
პარლამენტი ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობს.