ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის მწყობრი სისტემა, სადაც თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა ჯანდაცვის ორგანიზაციული დონეები. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ვერულავამ განუცხადა.
„ ჩვენ არ გვაქვს ჯანდაცვის მწყობრი სისტემა, სადაც თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა ჯანდაცვის ორგანიზაციული დონეები. პირველადი, მეორეული და მესამეული ჯანდაცვის სახით, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან ჯანდაცვის ჩამოყალიბებულ სისტემას”, - განაცხადა ვერულავამ.
ვერულავა აღნიშნავს, რომ ჯანდაცვა, ისევე, როგორც ყოველი სისტემა ცოცხალი ორგანიზმია, სადაც თითოეულ ორგანოს გააჩნია თავისი ფუნქცია, დანიშნულება.
„თუ რომელიმე ორგანო არ ფუნქციონირებს სათანადოდ, მთელი ორგანიზმი მოშლილი და დაავადებულია. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა რეფორმისადმი სისტემურ მიდგომას”, - განაცხადა ვერულავამ.
მისი თქმით, ძნელია შეფასება, თუ რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„დღეისათვის გვაქვს მხოლოდ განაცხადი რომ მთავრობას დაგეგმილი აქვს პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება და დასახელდა 3 კომპონენტი: 1. ექიმების განათლება-გადამზადება 2. პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება და 3. ექიმების სათანადო ანაზღაურება. სამივე კომპონენტი აუცილებელია სისტემის რეფორმირებისათვის”, - განაცხადა ვერულავამ.