უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სანაპირო-სარაკეტო კომპლექს „ბასტიონის“ პოზიციებზე დარტყმა განახორციელეს. სწორედ ამ დანადგარიდან უშვებდნენ რუსი სამხედროები უკრაინის მიმართულებით „ონიქსისა“ და „ცირკონის“ ტიპის რაკეტებს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახურში განაცხადეს. მათი ცნობით, 16 აგვისტოს ღამით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ძალებმა და საშუალებებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სანაპირო-სარაკეტო კომპლექს „ბასტიონის“ გამშვებ პოზიციებსა და დისლოკაციის ადგილს დაარტყეს.
„დარტყმის შედეგად მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა შეიარაღებასა და ცოცხალ ძალაში. მტრის საბოლოო დანაკარგები ზუსტდება“, — განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, სანაპირო-სარაკეტო კომპლექსი „ბასტიონი“ დეფიციტური და ძვირადღირებული შეიარაღებაა, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის სამხრეთ და სხვა რეგიონების წინააღმდეგ ზებგერითი „ონიქსისა“ და ჰიპერბგერითი „ცირკონის“ რაკეტებით დასარტყმელად იყენებენ.