შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, საბჭოთა „ოდეერის“ ინსტიტუტი უქმდება და სახელმწიფო თანამშრომლობის სრულიად ცივილიზებულ ფორმაზე გადადის. „2030“-ის ეთერში ლევან იზორიამ „ოდეერის“ ინსტიტუტის და ახალ სისტემას შორის ძირითადი განსხვავება დაასახელა.
«„ოდეერის“ ინსტიტუტი კრიტიკის საგანი ხდებოდა. თუმცა ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა. ბუნებრივია, იქაც არსებობს გამოცდილება სახილმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ერთის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების და სხვა სტრუქტურებს შორის თანამშრომლობისა, მაგრამ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს სახელშეკრულებო ხასიათის და ორივე სტრუქტურის ნებასურვილზე უნდა იყოს დამყარებული», - განაცხადა იზორიამ.
პირდაპირ ეთერში ჩართვისას შს მინისტრის მოადგილემ ასევე ახალი სისტემის გამჭვირვალობაზე ისაუბრა.
„აქ არსებითი ცვლილება ხდება. პრაქტიკულად ის ძველი, საბჭოთა „ოდეერის“ ინსტიტუტი უქმდება და გადავდივართ თანამშრომლობის სრულიად ცივილიზებულ დემოკრატიულ ფორმაზე, რომელიც გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს პასუხობს, რომელიც სუბიექტებს შორის თავისუფალ ხასიათს პასუხობს...“, - აღნიშნა იზორიამ.