თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ადამიანის პირად ცხოვრებაში არაკონსტიტუციურ და არაპროპორციულ ჩარევად მიიჩნია სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის მოთხოვნა ბავშვისთვის ორზე მეტ წევრიანი სახელის დარქმევის აკრძალვის შესახებ.
საქმე იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ გასულ წელს დაიწყო, როდესაც საქართველოში ერთობლივად შექმნილ ოჯახს საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეებს იუსტიციის სახლმა თბილისში უარი განუცხადა საკუთარი ბავშვისათვის სამწევრიანი სახელის დარქმევის და რეგისტრაციის გამო. ოჯახს სურდა, რომ მათი ბავშვის სახელში ასახულიყო ქართული წარმომავლობა და ინდური ტრადიციებიც. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა ხისტად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 68-ე მუხლზე, რომ მოქმედი კანონით პირდაპირ იკრძალებოდა ბავშვისათვის ორზე მეტი სახელისაგან შემდგარი სახელის დარქმევა.
მეუღლეების უფლებებს ადვოკატი ლევან ჯორბენაძე იცავდა, მისი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ კანონი პირდაპირ კრძალავდა ბავშვისათვის ორზე მეტ წევრიანი სახელის დარქმევას მოსამართლე ნანა დარასელიამ ძალიან თამამი და პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა არაპროპორციული იყო და ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პირადი ცხოვრების უფლება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლომ განაცხადა, რომ ისეთი ფუნდამენტური უფლების დაცვის დროს, როგორიცაა პირადი ცხოვრების უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების მარტო შიდა კანონშესაბამისობა არ იყო საკმარისი.
ადვოკატი ლევან ჯორბენაძე ასევე აცხადებს, რომ მოსამართლე ნანა დარასელიას ეს გადაწყვეტილება საქართველოს მართლსაჯულების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი და პროგრესული ნაბიჯია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება რამოდენიმე დღის წინ დაასაბუთა. სასამართლომ ადვოკატის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც გამოიყენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, დაუშვებელად ცნო საჯარო ხელისუფლების ასეთი ჩარევა ადამიანების პირადი ცხოვრების უფლების განხორციელებაში და იუსტიციის სამინისტროს დაავალა დაბადების მოწმობის გაცემა მშობლების სურვილით, ბავშვის სამწევრიანი სახელით.