დღეს, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე პროფესორ გიორგი ხუციშვილის მემორიალური დაფა გაიხსნება.
მემორიალური დაფა განთავსდება ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის" ოფისის შენობაზე, ივანე მაჩაბლის #5.
მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი" ორგანიზაციის 20-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად მოკლე პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიება გაგრძელდება 12-დან 13:00 საათამდე.
გიორგი ხუციშვილი ( დაიბადა 15 ნოემბერი 1948, თბილისი - გარდაიცვალა 4 ოქტომბერს, 2013, თბილისი) - მეცნიერი, ფილოსოფოსი, კონფლიქტოლოგი, საზოგადო მოღვაწე; 1994 წელს დააარსა დამოუკიდებელი ორგანიზაცია კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCNN), 1995-2013 წლებში გამოსცემდა ჟურნალებს: „დრო მშვიდობისა", „კონფლიქტები და მოლაპარაკებები", „კონფლიქტის ალტერნატივა" და სხვა.
წლების მანძილზე იგი მიწვეული იყო და პროფესორად მუშაობდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. გიორგი ხუციშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეორიული აზროვნებისა და უსასრულობის არსის კვლევაში ფილოსოფიისა და მათემატიკის ურთიერთმიმართების საფუძველზე (1970-1980-იანი წლები).
კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერების დარგის საქართველოში დამკვიდრებასა და განვითარებას იგი 1990-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა.
მასალის გამოყენების პირობები