შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანამდებობაზე ტელეარხ Fox News-ის ყოფილი კონტრიბუტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ტემი ბრიუსი წარადგინა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის თქმით, ბრიუსი "ძალზედ პატივსაცემი პოლიტიკური ანალიტიკოსია", რომელმაც "ადრევე გააცნობიერა MAGA (Make America Great Again) ძალა და მნიშვნელობა".
"1990-იან წლებში, როდესაც იგი ლიბერალური აქტივისტი იყო, დაინახა რადიკალი მემარცხენეების სიცრუე და თაღლითობა და მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსერვატიული ხმა რადიოსა და ტელევიზიაში", - წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპის თქმით, ბიურსმა პოლიტიკურ მეცნიერებებში ბაკალავრის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო.
ბრიუსი Fox News-ზე მუშაობდა 2005 წლიდან ვიდრე 2025 წლის 3 იანვრამდე. იგი არის რამდენიმე წიგნის ავტორი.
Fox News-ის თანახმად, ბრიუსი 2008 წლამდე რეგისტრირებული დემოკრატი იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანამდებობაზე დასანიშნად, სენატის თანხმობა არ არის საჭირო.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნად ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო წარადგინა. რუბიოს კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.