ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამმედ მურსის სასამართლო სხდომა ეგვიპტეში 8 იანვრამდე გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
დღეს ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამმედ მურსი გაძლიერებული დაცვით ქაიროში მდებარე პოლიციის აკადემიის შენობაში მიიყვანეს, სადაც მასზე სასამართლო პროცესი დაიწყო. მურსისთან ერთად მოძრაობა „ძმებ მუსულმანების" კიდევ 14 ხელმძღვანელს ასამართლებდდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მურსი სასამართლოზე ვერტფრენით მოიყვანეს, დანარჩენი ბრალდებულები კი დაჯავშნული ავტომობილებით.
განსასჯელებს ბრალად ედებათ დემონსტრანტების მკვლელობის წაქეზება გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.
აღსანიშნავია, რომ მუჰამედ მურსიმ უარი განაცხადა ჩაეცვა ის ტანსაცმელი, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი, ვინც წინასწარ გამოძიებაში იმყოფება. ჟურნალისტების განცხადებით, მას მუქი ლურჯი ქურთუკი და ჩარვალი აცვია. ამის გამო სასამართლო მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხდომა შეწყვეტილი იქნება მანამ ვიდრე „მურსი თავისი ახლანდელი სტატუსის შესაფერის ტანისამოსს არ ჩაიცვამს".
ამას გარდა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა ასევე შეწყდა იმის გამო, რომ დარბაზში მყოფმა მუსის მომხრეებმა ხმაური ატეხეს. ამავე დროს თავად მურსიმ ადგილიდან წამოიძახა - „მე ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი ვარ".
იურისტების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მურსის ბრალი დაუმტკიცდება, მას სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.