,,ინვესტბანკში" საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განმარტებით, დროებით ადმინისტრაცია ბანკში ორი თვის განმავლობაში დარჩება და თუ ბანკის აქციონერები ეროვნული ბანკის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ მაშინ ეროვნული ბანკი კანონით განსაზღვრული ნორმებით იხელმძღვანელებს.
,, საქართველოს საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკისთვის ყველაზე სტაბილურ და მზარდ სექტორად მიიჩნევა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვა საკითხებთან ერთად ამის მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორი და თანამიმიდევრული პოლიტიკა. იმისთვის რომ საფინანსო სექტორმა მომავალში განვითარება განაგრძოს აუცილებელია რომ სექტორის ყველა მონაწილემ დაიცვას კანონით განსაზღვრული ყველა ნორმა. ასევე აუცილებელია ყველა ბანკმა დაიცვას საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული საბანკო ნორმები. ჩვენ არ დავუშვებთ რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიადგეს საბანკო სექტორის ნდობას. ,,ინვესტბანკში" საქართველოს ეროვნული ბანკის შემომწმებელთა ჯგუფის მიერ აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი დარღვვევები. დარღვევების შინაარსისა და სიმძიმიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე. დროებითი ადმინისტრაცია განაგრძობს აქციონერებთან მუშაობას ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ჩვენი მოთხოვნები თუ დაკმაყოფილებული იქნება დროებითი ადმინისტრაცია ბანკს დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად", _განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
ქადაგიძის განმარტებით იმ პერიოდში როდესაც ბანკში საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია იმუშავებს ,,ინვესბანკის" კლიენტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ საბანკო ოპერაციების მიწოდების კუთხით.
მისივე განმარტებით, თუ ,,ინვესტბანკის" აქციონერები ორი თვის განმავლობაში არ გამოასწორებენ არსებულ ხარვეზებს და არ შესრულებენ იმ ვალდებულებებს რაც არის საჭირო მაშინ შესაძლოა ,,ინვესტბანკი" იძულების წესით გაიყიდოს, ან სხვა ორგანიზაციად გარდაიქმნას.