ესტონური გამაგრილებელი სასმელების კომპანიამ A. Le Coq-მა აფხაზეთში საქმიანობა შეწყვიტა და მომხდარ გაუგებრობაში საქართველოს საგარეო უწყება დაადანაშაულა.
„საქართველოს საელჩომ განგვიმარტა, რომ კომერციული საქმიანობა აფხაზეთთან არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გვაცნობა, რომ ესტონეთი და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოს კანონმდებლობას", - განუცხადა სააგენტო BNS-ს კომპანის ხელმძღვანელმა ტარმო ნოოპმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიზეზის გამო კომპანიამ უარი განაცხადა აფხაზეთში საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში პროდუქცის რეალიზაცია არ იყო მაღალი.
ტარმო ნოოპმა სინანული გამოთქვა მომხდარი გაუგებრობის გამო და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე ყოფილიყო გამოქვეყნებული შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც აფხაზეთთან კომერციულ ურთიერთობას კრძალავს.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.